ისრაელის ელჩი საქართველოში, რან გიდორი თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში ფილმის ჩვენებას დაესწრო.
ღონისძიების ორგანიზატორებთან ერთად გადაღებული ფოტო მან Facebook-ზე გამოაქვეყნა.
"ამაყი ვარ, რომ დღეს საღამოს "ღირსების მარშის" პრემიერას დავესწარი. ეს იყო თბილისი პრაიდის კვირეულის გახსნითი ღონისძიება", - წერს ელჩი.
თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში, დღეს პირველი ღონისძიება გაიმართა, სადაც ბრიტანული ფილმი აჩვენეს. ღონისძიებას, რომელიც ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, რადგან ძალადობრივი ჯგუფები გზის გადაკეტვას და ღონისძიების ჩაშლას ცდილობდნენ. მათ აქტივისტებს კვერცხები, ბოთლები და ქვები დაუშინეს. კვერცხი აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელსაც მოხვდა.
ფილმის ჩვენების დასრულების შემდეგ ღონისძიების მონაწილეებმა, მათ შორის ელჩებმა, ტერიტორია პოლიციის კორდონის დახმარებით დატოვეს. აქტივისტების ნაწილი ტერიტორიიდან მიკროავტობუსებით გაიყვანეს.
პრაიდის მოწინააღმდეგეების აქციაზე პოლიციამ ჯამში 20 ადამიანი დააკავა.
ჰომოფობიური და სიძულვილის ჯგუფები გეგმავენ, 4 ივლისის ღამით მეტრო რუსთაველთან კარვები გაშალონ და პრაიდს ხელი შეუშალონ.
საკითხთან დაკავშირებით, 28 ივნისს 28 ევროპარლამენტარმა განცხადება გაავრცელა და საქართველოს შს მინისტრს და ხელისუფლებას მოუწოდა, Tbilisi Pride-ის მონაწილეები ეფექტურად და სათანადოდ დაიცვან, უზრუნველყონ მათი გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უნივერსალური უფლების დაცვა.